დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამები

სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, ბინებს მენაშენეებისგან შეისყიდის. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართების შესყიდვა, კონკურსის წესით, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად,   ღიად და გამჭვირვალედ ხდება.

კომისია წინასწარ განსაზღვრავს ვადებსა და კრიტერიუმებს, რომლებსაც კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ.

მენაშენეების პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სახელმწიფო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არა მთლიან კორპუსებს, არამედ ბინების გარკვეულ ნაწილს შეისყიდის, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს განსახლების შემდგომ  ინტეგრაციის პროცესს.

პროექტის ფარგლებში, სააგენტო თანამედროვე სტანდარტების შესაბიმის, გარემონტულ ბინებს შეისყიდის.

მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის პარალელურად, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს რეგიონებშიც.

რეგიონებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

ამ ეტაპზე, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, იმ ქალაქებში, სადაც დევნილთა განსახლების საკითხი ყველაზე მწვავედ.

სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით სოფლად სახლებსაც შეისყიდის. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.   

პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 1 ან მეტი ქულა.

მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში თანხის  რაოდენობა  ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება:   

  • ოჯახი, რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17000 ლარი;
  • ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21000 ლარი;
  • ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23000 ლარი;
  • ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26000 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე 26000 ლარს 3000 ლარი დაემატება.

საცხოვრებელი ფართის შესყიდვა შესაძლებელია დევნილი ოჯახის თანადაფინანსებითაც განხორციელდეს.

საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ.

დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს უნდა ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა.

2019 წლიდან,  დაიწყო ახალი პროგრამა, რომელიც კონკრეტულად ვეტერანი დევნილების განსახლებაზეა მიმართული. ვეტერან დევნილებს აქამდეც ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ განსახლების ნებისმიერ პროგრამაში. ახალი პროგრამის ფარგლებში კი,  მათთვის სპეციალური კვოტები გამოიყო.

პირველ ეტაპზე, დევნილი ვეტერანების ოჯახებისთვის გამოყოფილია ბინები თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

სააგენტო, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად,  სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართებს საკუთრებაში გადასცემს.  

დაკანონების პროცესი, იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი ქონების განკარგვის შესაძლებლობას აძლევს. 

დევნილი ოჯახების ინტერესების გათვალისწინებით, მათი უშუალო მოთხოვნიდან გამომდინარე,  სააგენტო კომპაქტური განსახლების ობიექტებში არსებული საერთო სარგებლობის ფართების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის საკუთრებაში გადაცემის პროცედურებაც ახორციელებს.

დაკანონების პროცესთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის, კომპაქტური განსახლების ობიექტებში აზომვითი სამუშაოების ჩატარებას სააგენტო საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს.

აღნიშნული პროცედურების გასატარებლად, საჭიროა, ამხანაგობის თავმჯდომარემ სააგენტოს საერთო სარგებლობის ფართების ამხანაგობისთვის გადაცემის თაობაზე განცხადებით მომართოს.

გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო დევნილ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფს. ქირის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად, იღებს.

პროექტით სარგებლობა შეუძლია დევნილს:

  • რომელსაც სახელმწიფოსგან არ მიუღია საცხოვრებელი ფართი (მათ შორის, არც ფულადი კომპენსაცია) და საკუთრებაში არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;
  • რომელიც ცხოვრობს ნგრევად ობიექტში, რაც დასტურდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნით;
  • რომელიც ცხოვრობს განსაკუთრებით მძიმე პირობებში, რომელიც არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებს;
  • რომელიც დარეგისტრირებულია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30001-ზე ნაკლებს;
  • რომელსაც „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, ამავე კანონის შესაბამისად იმყოფება თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში და ეწურება იქ ყოფნის პერიოდი.

გადაუდებელი ან განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო  დევნილებს ერთჯერადი ფულადი დახმარებით უზრუნველყოფს. ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია, კრიტერიუმების შესაბამისად, იღებს. ფულადი დახმარების გაცემა 6 თვეში ერთხელ არის შესაძლებელი.

პროექტით სარგებლობა შეუძლია დევნილს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს:

  • ოჯახის წევრის გარდაცვალება – თუ გარდაცვლილის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს;
  • თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 30 001-ზე ნაკლებს;
  • ონკოლოგიური დაავადება;
  • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი;
  • თუ ოჯახის შემადგენლობაში არის 3 და მეტი 18 წელზე ნაკლები ასაკის ოჯახის წევრი;
  • ქირურგიული ოპერაციის საჭიროება – თუ დევნილი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 001-ზე ნაკლებს;
  • ომის ვეტერანის/ომში დაღუპულის ან მარჩენალდაკარგულის სტატუსი – თუ ოჯახში არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანი ან ოჯახის წევრს მინიჭებული აქვს ომში დაღუპულის/მარჩენალდაკარგულის სტატუსი;
  • მარტოხელა მშობლის/ქვრივის სტატუსი (რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ან შვილები).

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, აშენდება 236 კერძო სახლი, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. მათ შორის მარნეულში, შენდება სოფლის ტიპის დასახლება, დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან;

ჯამში განხორციელდება 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი - დევნილთა დასახლებებში ან მის სიახლოვეს. აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას; შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა 236 გრანტი, ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასული დევნილებისთვის; 130 ბიზნეს გრანტი გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებზე, დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს;

დასავლეთ საქართველოში აშენდება საგანმანათლებლო ცენტრები დევნილი და არა დევნილი მოსახლეობის პროფესიული განათლებისა და უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.

პროექტს - „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

განსახლების პროექტების ფარგლებში  განაცხადის შევსება,  ასევე ქირისა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით განცხადების დაწერა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

განაცხადების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ვადები წინასწარ ქვეყნდება. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, განაცხადების მიღება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო:

  • ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N15ა
  • ქ. გორისამების ქუჩა N1;
  • ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
  • ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;