დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
2023 წლის მონაცემებით, სულ რეგისტრირებულია 92 679 დევნილი ოჯახი, ჯამში 291 886 იძულებით გადაადგილებული პირი.
დევნილებზე ზრუნვა, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები, ყოველწლიურად, იზრდება.
2014 წელს, ძალაში შევიდა ახალი კანონი დევნილთა შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და განსაზღვრავს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. კანონის ამოქმედების შემდეგ, იძულებით გადაადგილებული პირი სრულად არის დაცული მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებისაგან, რაც დევნილი ოჯახების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენდა.
წლების განმავლობაში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესის მთავარ ხარვეზს, წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ არ არსებობდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რაიმე წესი ან ნორმა.
2013 წელს, უწყებათაშორისმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაში სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ, დევნილთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების კრიტერიუმები შეიმუშავა. 2013 წლის შემდეგ, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადაეცემათ. 2013 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, კრიტერიუმების შესაბამისად, საცხოვრებელი ფართი 30 000-მდე დევნილმა ოჯახმა უკვე მიიღო.
2019 წლიდან, დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს ქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს.
იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ არსებული პროგრამების ერთი სააგენტოს ქოლგის ქვეშ მოქცევის გადაწყვეტილება მიზნად ისახავდა ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას.
სააგენტოს საქმიანობის მთავარ პრიორიტეტს დევნილთა განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სააგენტო იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებულ განაცხადს შესაბამისი ქულა ენიჭება. აღნიშნული ქულა სააგენტოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.
ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. მონიტორინგის ჯგუფები მინიჭებულ ქულებსა და დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ღიად და გამჭვირვალედ იღებს. კომისიის მუშაობის პროცესში ჩართულები არიან სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ამასთან, სააგენტოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება. კომისია, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს უპირობოდ განიხილავს.
დევნილი ოჯახების საჭიროებების და მოთხოვნების მაქსიმალურად გათვალისწინების მიზნით, განსახლების პროცესი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს:
დეტალური ინფორმაცია დევნილთა განსახლებისა და სოციალური პროექტების შესახებ იხილეთ აქ.