დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ირაკლი ღარიბაშვილი – 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში

მთავრობა მასშტაბურ პროექტს იწყებს დევნილების ბინებით უზრუნველყოფის მიმართულებითაც. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ათასობით დევნილს დაუკანონდა და გადაეცა ბინები, მათ შორის „სოფლად სახლის” პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ შეუძინა სახლები, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია და ძალიან ბევრ, ათასობით დევნილს ჯერ ისევ არ აქვს ბინა.

„ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით 6 ათას დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის” ფარგლებში და 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ქუთაისში წელს სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ და გაზაფხულზე, ახლა, როგორც აღვნიშნე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს”, – აღნიშნა პრემიერმა.