დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ზურაბ აზარაშვილის მოხსენება პარლამენტში

„დევნილთა განსახლება იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლება და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება სამინისტროსთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია, სწორედ ამიტომ, სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რომ დევნილებს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობები შეუქმნას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო წლების განმავლობაში ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა.

დევნილთა განსახლების პროცესი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, რათა თითოეული ოჯახის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. 2022 წელს, განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი უკვე მიიღო 1302-მა დევნილმა ოჯახმა, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით, 800 ბინა განაწილდება ქუთაისში და 1000-ზე მეტი ოჯახი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს მიერ გაცემული დაპირების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა სანატორიუმ „ქართლში“, უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების დიდ ნაწილს, დარჩენილი ოჯახების განსახლება კი წლის ბოლომდე მოხდება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა სრულად გადაიჭრება.

დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში, რაც მიზნად ისახავს დევნილთა განსახლების პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას და თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ჯამში, მომდევნო წლებში 7000-მდე ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, 6000-მდე ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.