დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

ცხელი ხაზი - 15 05

ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00

ზურაბ აზარაშვილი: „5 000-მდე დევნილი ოჯახისთვის ბინების ასაშენებლად, ტენდერები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება“

თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში, დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები მიმდინარე კვირაში გამოცხადდება. საცხოვრებელი ფართით, დედაქალაქში 2 400, ზუგდიდში – 1 700 და ქუთაისში 720 ოჯახი დაკმაყოფილდება.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, 5 000-მდე ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება.

„მშენებლობას, მაქსიმალური ვადა არის 3 წელი, კომპანიებთან ანგარიშსწორებას კი 4 ეტაპად, 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. ოჯახების ბინებით დაკმაყოფილებას 2-3 წლის განმავლობაში შევძლებთ“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

დევნილი ოჯახებისთვის განკუთვნილი ბინები, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული – განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამის ფარგლებში შენდება. საბანკო სექტორისა და სამშენებლო ბიზნესში მომუშავე კომპანიების ეფექტური თანამშრომლობისთვის მოქნილი ანაზღაურების მექანიზმი შემუშავდა. შესაბამისი განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, მოხდება სამშენებლო სამუშაოების ღირებულებების ინდექსაცია. ცვლილება მნიშვნელოვანი ბერკეტია, კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით. შემოთავაზებული პრინციპის დანერგვა ხელს შეუწყობს სამშენებლო სამუშაოების ეფექტურ და ხარისხიან განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში, დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე დადებითად აისახება.